სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სამების დღე მადლიერების დღედ გამოაცხადა.
პატრიარქმა სამებაში შეკრებილ მრევლს სულიწმინდის მოფენის დღევანდელი დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი დიდი დღესასწაულია მთელს მსოფლიოში.
როგორც პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, მადლობა უნდა გადავუხადოთ უფალს იმისთვის, რომ მამა, ძე და სულიწმინდა იცავს და იფარავს სრულიად საქართველოს.
„ჩვენ ძალიან ხშირად ვამბობთ, რით დავიმსახურეთ ეს მადლი და წყალობა და მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ეს არის მადლი ღვთისა და წყალობა მისი, რადგან ჩვენ არაფრით არ ვიმსახურებთ ამას“- განაცხადა ქადაგებისას პატრიარქმა და აღნიშნა, რომ მან გადაწყვეტილება მიიღო წმინდა სამების დღესასწაული მთელი საქართველოსთვის მადლიერების დღედ გამოცხადდეს.
„ჩვენ მუდამ მადლობა უნდა შევწიროთ წმინდა სამებას, მისი დიდი წყალობისთვის. ეს იქნება დღე, როცა ჩვენი ერი მადლობას ეტყვის უფალს და უფალი უფრო მეტ წყალობას გაიღებს ჩვენზე“ - აღნიშნა პატრიარქმა.
მისივე თქმით, ამის შესახებ ეკლესიის ბრძანება მალე დაიწერება და სულიწმინდის მოფენის დღე, რომელიც ასევე წმინდა სამების დღესასწაულია, ქვეყანაში მადლიერების დღედ გამოცხადდება.
პატრიარქის თქმით, ხვალ სულიწმინდის დღე აღინიშნება და ამასთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრის ერთ-ერთ ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღევლინება.
„მინდა შეგახსენოთ, რომ სულიწმინდის ტაძარი აქამდე არ იყო საქართველოში და ეს პირველი სულიწმინდის ტაძარია, რომელშიც ნათლობა ხდება. მე მინდა დავლოცო ქალბატონი მანანა შარაშიძე, რომელმაც ამ ტაძრის აშენება ითავა!“-აღნიშნა პატრიარქმა.
მან საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის კონკურსში გამარჯვებულები სიგელებით დააჯილდოვა და ხუთამდე გვარი დალოცა.
