ბათუმში იუნკერების საფლავთან სასტუმრო, სავარაუდოდ, აღარ აშენდება
ბათუმში იუნკერების საფლავთან სასტუმრო, სავარაუდოდ, აღარ აშენდება
14:15 03.06.2012
ბათუმში იუნკერების საფლავთან 48 სართულიანი სასტუმრო-კომპლექსი აღარ აშენდება. ადგილზე არსებული ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟი უკვე დაწყებულია.   ამის შესახებ „ნიუსპრესს“ მოძრაობა „ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარემ და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ განუცხადა.

„გუშინ შუადღეს დაიწყო ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟი, ამასთანავე, საღამოსთვის ტერიტორია, სადაც მშენებლობა მიმდინარეობდა, შემოღობილი აღარ იყო. ჩვენ ვფქირობთ, რომ თურქულმა სამშენებლო კომპანიამ გაითვალისწინა ქართული საზოგადოების ნეგატიური განწყობა ამ მშენებლობისადმი“ - აღნიშნა დუმბაძემ.

მისი თქმით, ბათუმის მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ეს პროექტი აღარ განხორციელდება.

ამასთანავე, დუმბაძე აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის მეთაურის ლევან ვარშალომიძის გადაწყვეტილება - ამ ტერიტორიის გაყიდვის თაობაზე არა მხოლოდ უკანონო, არამედ მკრეხელურიცაა. ტერიტორია თურქ ინვესტორს სიმბოლურ თანხად - 1 ლარად გადაეცა.

მისივე თქმით, დღეს იუნკერების საფლავთან სამოქალაქო პანაშვიდი ჩატარდება.

იუნკერების საფლავთან 48 სართულიანი სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა იგეგმებოდა, ტერიტორიაზე უკვე სამშენებლო ღობეც იყო შემოვლებული. სად განახორციელებს ინვესტორი აღნიშნული პროექტს ჯერ უცნობია.

ბეჭდვა