მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს
10:00 03.06.2012
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს.

როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოში განუცხადეს, დღეს წმინდა სამების დღეც აღინიშნება.

საპატრიარქოს ცნობით, დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

სულთმოფენობის დღესასწაული მოძრავია. ის ყოველთვის აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.

საქმე მოციქულთა მოგვითხრობს, რომ ამაღლებიდან მეათე, აღდგომიდან კი 50-ე დღეს, დილის 9:00 საათზე „იყო მეყსეულად ზეცით ოხვრაი, ვითარცა მოწევნაი ქარისა სასტიკისაი, და აღავსო ყოველი იგი სახლი, სადა იგი იყვნეს მსხდომარე“.

ზეციდან გარდამოვიდა სულიწმიდა და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოციქულებმა, რომლებიც მანამდე ებრაელების შიშით დარაბებდაგმანულ სახლში იკეტებოდნენ და მათთან შეხვედრას ერიდებოდნენ, საოცარი ძალით სხვადასხვა ენაზე დაიწყეს ქადაგება.

ატეხილი ხმაურის გამო, სახლთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა, სადაც ქრისტეს მოწაფენი ცხოვრობდნენ. ისინი უსმენდნენ მოციქულებს და უკვირდათ, რადგან ყველას საკუთარ ენაზე ესმოდა ხარება ღვთაებრივი განკაცებისა და ხსნის შესახებ.

სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესიები მწვანით იმოსება, რაც ადამიანის სულიერი განახლების მიმანიშნებელია. ტაძრებს ყვავილებით, ფოთლებით, აყვავებული ტოტებით რთავენ. ძირს ეფინება, რაც შეიძლება, მეტი ბალახი. მორწმუნეები ამ დღეს წირვაზე ყვავილების თაიგულებში ჩამაგრებული სანთლებით მიდიან.

სულთმოფენობის დღეს წირვის შემდეგ სულიწმიდის მოწვევის ლოცვა „მეუფეო ზეცათაო“ და მუხლმოდრეკის ლოცვები იკითხება.

სულთმოფენობის დღესასწაულის შემდეგი კვირა მსგეფსია. შემდეგ კი - პეტრე-პავლობის მარხვა იწყება.

ბეჭდვა