შინდისის 212-ე სკოლის მოსწავლეებმა ბარათაშვილის ხიდის საფეხმავლო ნაწილი წარწერებისგან გაათავისუფლეს
შინდისის 212-ე სკოლის მოსწავლეებმა ბარათაშვილის ხიდის საფეხმავლო ნაწილი წარწერებისგან გაათავისუფლეს
12:31 02.06.2012
იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში, დღეს შინდისის 212-ე სკოლის მოსწავლეებმა ბარათაშვილის ხიდის საფეხმავლო ნაწილი წარწერებისგან გაათავისუფლეს და შეღებეს.

ხიდის დასუფთავების აქცია „სამოქალაქო აქტივიზმის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა.

როგორც „ნიუსპრესს“ „სამოქალაქო აქტივიზმის პროგრამის“ კოორდინატორმა ანა სუბელიანმა განუცხადა, დასუფთავების აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა.

„პროგრამის ფარგლებში, ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, მოხალისეობრივი პროექტი „ფეისბუქის“ გვერდზე - „ჩვენი პროექტი“ განათავსოს, რომელსაც „ფეისბუქისვე“ მომხმარებლები დააფინანსებენ“ - განაცხადა სუბელიანმა.

მისივე თქმით, რამდენიმე პროექტი სოციალურ ქსელში უკვე განთავსებულია, ხოლო რამდენიმე სკოლისგან პროექტებს უახლოეს მომავალში ელოდებიან.

სუბელიანის ინფორმაციით, მსგავსი სამოქალაქო აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.

ხიდის დასუფთავების პროექტთან ერთად, ამჯერად, სკოლის მოსაწავლეებმა დასუფთავების, გამწვანებისა და ფოტოების ჩარჩოების დასამზადებელი დანადგარის შეძენის პროექტებიც წარმოადგინეს, თუმცა, გამარჯვება ბარათაშვილის ხიდის რესტავრაციის იდეას ერგო.

ბეჭდვა