თბილისის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი - თბილისი Open Air დღეს გაიხსნება.
თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინფორმაციით, ფესტივალი დღეს და ხვალ, ახალ საფესტივალო ქალაქში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორია - Tbilisi Valley-ზე გაიმართება.
თბილისი Open Air 2012 ორი დღე გაგრძელდება და მასში უცხოელებთან ერთად, ქართველი შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ, დღეს, საღამოს 23:00 საათზე, „Electro Sunrise“ დაიწყება, რომელიც ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს წლის საუკეთესო ღონისძიებას შესთავაზებს.
ფესტივალის ორგანიზატორი „ალტერვიჟენ ჯგუფია“. ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
Open Air უკვე სამი წელია ტარდება. პირველად თბილისის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, თბილისი Open Air 2009 წელს ჩატარდა. სამი დღის განმავლობაში ფესტივალს 50 000-ზე მეტი მსმენელი დაესწრო.
