პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი ქართველი მოსწავლეებისთვის სპეციალური ატესტატების გაცემაში საეჭვოს ვერაფერს ხედავს.
გაბაშვილის განცხადებით, განათლების სამინისტროს მიერ სპეციალური სერიის დოკუმენტის 14 ქართველ მოსწავლეზე გაცემაში საეჭვო არაფერია. მისი თქმით, ასეთი საბუთი მომავალშიც გაიცემა.
„აბსურდულია ბრალდება ყალბი ატესტატების გაცემის შესახებ. ყველაფარი გაიცა მინისტრის ბრძანებით და ასეთი დოკუმენტების გაცემა მომავალშიც შესაძლებელია, იმიტომ, რომ ეს არ არღვევს კანონს“ – განაცხადა დეპუტატმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ მას ამ პროცესთან მიმართებით არანაირი ეჭვი არ აქვს.
„მინისტრის ბრძანებით, სამინისტრო უფლებამოსილი იყო გამონაკლისის სახით და მოთხოვნის შესაბამისად, საშუალო განათლების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი გაეცა. მე არც შარშან, არც წელს და არც მომავალში ასეთი დოკუმენტის გაცემას არ ვთვლი საგანგაშოდ“ – განაცხადა გაბაშვილმა.
რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, 14 ქართველ მოსწავლეს შორის ერთ-ერთი გარემოს დაცვის მინისტრის გიორგი ხაჩიძის შვილი იყო, გაბაშვილმა განაცხადა, რომ მას ასეთი ინფორმაცია არ აქვს.
„გოგა ხაჩიძის შვილი არის თუ არა ამ სიაში არ ვიცი, საერთოდ არ ვიცი, ჰყავს თუ არა ამხელა შვილი“ – განაცხადა გაბაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ სამინისტრომ, შესაძლოა გამონაკლისის სახით საბუთები ასევე გასცა ეთნიკურად არაუმცირესობის წარმომადგენლებზე, თუმცა, ამ დოკუმენტებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში მოქმედების ძალა არ აქვს.
განათლების სამინისტროს განცხადებით, სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატები 2010-2011 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა ორმა კატეგორიამ მიიღო – ეთნიკურად აზერბაიჯანელმა და სომეხმა მოსწავლეებმა, რომლებმაც ქართული ენის არასრულფასოვანი ცოდნის გამო, ვერ დაძლიეს გამოსაშვები გამოცდები. ატესტატები ასევე აიღო 14-მა განსაკუთრებით ნიჭიერმა ქართველმა მოსწავლემ, რომლებმაც გამოცდები წარმატებით ჩააბარეს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.
