ნინო ჩხობაძე საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას საფრთხედ მიიჩნევს
 ნინო ჩხობაძე საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას საფრთხედ მიიჩნევს
17:05 01.06.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე საქართველოში ატომური ელექტროსადგურის შესაძლო მშენებლობას ქვეყნისთვის საფრთხედ მიიჩნევს.

როგორც „ნიუსპრესს“ დღეს ჩხობაძემ განუცხადა, ატომური ელექტროსადგური ნებისმიერი ქვეყნისთვის რისკის შემცველია, მით უფრო, ის საშიშია საქართველოსთვის, სადაც 9 სეისმური ზონაა და სეისმური აქტივობაც მაღალია.

„მიუხედავად ამისა, დაახლოებით ორი თვის წინ, სეულში გაკეთდა განცხადება, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რომ შესაძლოა, საქართველომ ეს საკითხი განიხილოს, რაც ჩვენთვის შემაშფოთებელია“-აღნიშნა ჩხობაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას, ასპინძაში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველო-თურქეთის მოლაპარაკებებზე, ჩხობაძის თქმით, მას ამ პროექტის შესახებ არ სმენია.

„საქართველოსა და თურქეთს შორის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე რომ მოლაპარაკებები მიდის ამის შესახებ ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ არ ვიცი ეხება თუ არა ეს ატომურ ელექტროსადგურებსაც“-განაცხადა ჩხობაძემ.

საქართველო-თურქეთს შორის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მიმდინარე ფარულ მოლაპარაკებებზე დღეს, მოძრაობა „ეროვნულებმა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადეს. როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, თურქეთის ვიცე-პრემიერის საქართველოში გუშინდელი ვიზიტის რეალური მიზეზი სწორედ აღნიშნულ მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდი იყო.

ბეჭდვა