პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.
როგორც „ქართული ოცნების“ განცხადებაშია ნათქვამი, იზრდება ბავშვების რიცხვი, რომლებიც სახელმწიფოსგან ყურადღებასა და ზრუნვას საჭიროებენ.
„როგორც ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის ისე საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ბავშვთა უფლებებისა და ჯანმრთელობისთვის ზრუნვას და მათი აღზრდა-განვითარების ხელშეწყობას“ - აღნიშნულია განცხადებაში.
კოლიციის წევრების ინფორმაციით, კოალიცია ისეთი ქვეყნისთვის იბრძოლებს, სადაც ქუჩაში ხელგაწვდილი ბავშვები აღარ იქნებიან და სადაც სახელმწიფო თითოეულ მათგანზე იზრუნებს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერში, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. ეს დღე 1950 წლიდან ყოველწლიურად, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება და მისი მიზანი ახალი ომის საშიშროებისგან ბავშვთა დასაცავად მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისთვის ზრუნვაა.
