შალვა ხაჭაპურიძე - მოვითხოვთ, თურქული სახელმძღვანელოებიდან ბათუმთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერები ამოიღონ
შალვა ხაჭაპურიძე - მოვითხოვთ, თურქული სახელმძღვანელოებიდან ბათუმთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერები ამოიღონ
13:47 01.06.2012
მოძრაობა ,,ეროვნულები“ ხელისუფლებას სათანადო ღონისძიებების განხორციელებას სთხოვს, რომელიც თურქეთის ისტორიის  სახელმძღვანელოებიდან იმ ჩანაწერის ამოღებას უზრუნველყოფს, რომლის მიხედვით ბათუმი ქართველების მიერ ოკუპირებული თურქეთის ტერიტორიაა.

ამ მოთხოვნით, მოძრაობის ლიდერებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.

როგორც ,,ეროვნულების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, საქართველოში ვიზიტით მყოფმა თურქეთის ვიცე-პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ მას არაფერი სმენია და ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

ამის პასუხად ,,ეროვნულებმა“ აქციაზე თურქეთის მე-11 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოები თანდართული რუკებით წარადგინეს. წიგნის 24-ე გვერდზე, მოძრაობის ლიდერების თქმით, ბათუმი თურქეთის ტერიტორიად არის მოხსენიებული.

ხაჭაპურიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხს საქართველოს ხელისუფლება გულგრილად ეკიდება.

,,საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ, რომელიც ორი დღეა ვიზიტით თურქეთში იმყოფება, სახელმწიფო პოლიტიკის დაცვის ინტერესი არ გამოიჩინა და არ განუცხადა თურქულ მხარეს სასწავლო ლიტერატურიდან ამოიღონ ასეთი უმსგავსობა“- განაცხადა ხაჭაპურიძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან თურქეთის ვიცე-პრემიერთან გუშინდელი მოლაპარაკებებზე ამ საკითხის არ დასმა, ასევე გულგრილობის გამოვლენა იყო.

,,ეროვნულები“ მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებამ დაუყონებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები თურქეთის ხელისუფლებასთან, რათა სახელმძღვანელოებიდან აღნიშნული რუკები და წინადადებები ამოიღონ. ამასთან, მათი მოთხოვნაა საქართველოს სასკოლო სახელმძღვანელოებში აჭარისა და ბათუმის ისტორიის შესახებ ვრცლად იქნეს ინფორმაცია შეტანილი.

შესაბამისი მოთხოვნა თურქული სახელმძღვანელოს ქსეროასლთან ერთად, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევიდა.

ბეჭდვა