ქეთევან გადელია - დარწმუნებული ვარ პრეზიდენტი მიგვიღებს და ჩვენი შვილების გარდაცვალების საქმის გარკვევაში დაგვეხმარება
ქეთევან გადელია - დარწმუნებული ვარ პრეზიდენტი მიგვიღებს და ჩვენი შვილების გარდაცვალების საქმის გარკვევაში დაგვეხმარება
11:44 01.06.2012
ზუგდიდში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ორი ახალგაზრდის მშობლები, რომლებიც თბილისისკენ ფეხით მოემართებიან, დღეს უკვე ზესტაფონში ჩავიდნენ.

გარდაცვლილი 24 წლის ბადრი ტაბიძის დედა - ქეთევან გადელია და 34 წლის რევაზ არღვლიანის მამა - გელა არღვლიანი უკვე მეხუთე დღეა გზაში არიან.

როგორც „ნიუსპრესს“ ქეთევან გადელიამ განუცხადა, ისინი ღამეს ძირითადად, ავტოტრანსპორტის გაჩერებებზე ათევენ. რამდენჯერმე კი - ღამისგათევა მათ მოქალაქეებმა სახლშიც შესთავაზეს.

მისი თქმით, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, ისინი პირდაპირ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივლენ და პრეზიდენტისგან სიმართლის გარკვევას მოითხოვენ.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პრეზიდენტი ხალხისთვისაა არჩეული. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ მიგვიღებს და საქმის ვითარებას გაარკვევს“ - აღნიშნა გადელიამ.

მისივე ინფორმაციით, მათთან ერთად, თბილისში მისი სიძეც მოდის.

მათივე თქმით, ისინი შვილების გარდაცვალების მიზეზებისა და გარემოების გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით, გარდაცვლილთა მშობლები ფეხით მსვლელობას დღეს ზესტაფონიდან თბილისში გააგრძელებენ.
24 წლის ბადრი ტაბიძე სახლიდან 1 იანვარს, არაფხიზელ მდგომარეობაში გავიდა. მეორე დღეს მას ახლობლებმა ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის სამედიცინო ცენტრში მიაკვლიეს. ტაბიძე სამედიცინო ცენტრში მრავლობითი დაზიანებებით - თავის ქალის ტრავმითა და ტვინის შეშუპებით მოათავსეს. ტაბიძე სავადმყოფოში სამი თვე მკურნალობდა, აქედან ერთი თვე რეანიმაციულ განყოფილებაში იყო, შემდეგ გარდაიცვალა.

35 წლის რევაზ არღვლიანი კი, ზუგდიდის მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების საცხოვრებელ კორპუსში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

არღვლიანის მშობლები თვითმკვლელობის ვერსიას არ იზიარებენ. მათი განცხადებით, ცხედარს თოკის კვალი არ აღენიშნებოდა და თავის არეში, ძალადობის ნიშნები აჩნდა.

ბეჭდვა