საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საზოგადოება შეეჩვია, რომ ამ დღეს ბავშვების მონაწილეობით, უმეტესად ზეიმები და გასართობი ღონისძიებები იმართება, თუმცა, ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მათ კეთილდღეობაზე ზრუნვაა.
„უნდა იცოდეთ, რომ ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლისა და განვითარების უფლება და სახელმწიფო ვალდებულია ამ უფლებების დასაცავად ყველა ზომა მიიღოს - ნათქვამია ბავშვთა უფლებების კონვენციაში. შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება გქონდეთ იმედი და საუკეთესო მოლოდინი, რომ ამ სახელმწიფოში ყველა უფროსი თქვენი უფლებების დაცვისთვის იშრომებს“ - აღნიშნავს სახლახო დამცველი განცხადებაში.
ომბუდსმენის განცხადებით, ყველა ბავშვის უფლებაა თანაბრად იყოს დაცული მიუხედავად - რელიგიის, ეროვნების, კანის ფერისა და სხვა განსხვავებებისა.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც თქვენს განათლებას, აღზრდას, კეთილდღეობას თუ პირად ცხოვრებას ეხება, წამყვანი ღირებულება ენიჭებოდეს თქვენს ჭეშმარიტ ინტერესს. ამ უკანასკნელის განსაზღვრაში მშობლები და თქვენთვის მნიშვნელოვანი სხვა ადამიანები მხარდამჭერად იგულეთ“- აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველის თქმით, მოზარდებმა ბავშვთა უფლებების კონვენციის ძირითადი პრინციპები სკოლაში, სახლში, საზოგადოებრივ ადგილას თუ სხვა ნებისმიერ ვითარებაში თეორიულიდან რეალურად უნდა აქციონ.
დასასრულს განცხადებაში ნათქვამია, რომ დღევანდელი დღის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი საზოგადოებისთვის ბავშვთა უფლებების მნიშვნელობის შეხსენებაა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერში, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. ეს დღე 1950 წლიდან ყოველწლიურად, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება და მისი მიზანი ახალი ომის საშიშროებისგან ბავშვთა დასაცავად მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისთვის ზრუნვაა.
