დღეს ნინოობა აღინიშნება
დღეს ნინოობა აღინიშნება
08:57 01.06.2012
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოდან აცნობეს, დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მართლმადიდებელ ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II წირვას სამების საკათედრო ტაძარში 09:00 საათიდან აღავლენს.
წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა - ზაბულონი, კეთილმორწმუნე და დიდგვაროვანი კაცი, იმპერატორ მაქსიმიანესთან მსახურებისთვის კაბადოკიიდან რომში წავიდა.
მას მაცხოვრის საფლავის მომვლელი წარჩინებული ქალის - სარა ბეთლემელის რჩევით, პატრიარქმა სარა ბეთლემელის მორჩილებაში მყოფი სოსანა მიათხოვა და ახალშეუღლებულნი კაბადოკიაში გააგზავნა. მათგან იშვა წმიდა ნინო - „ხეთა კეთილთაგან ნაყოფი კეთილი“.
თორმეტი წელი რომ შეუსრულდა წმიდა ნინოს, მისმა მშობლებმა მთელი ქონება გაყიდეს, თავის ასულთან ერთად იერუსალიმში წავიდნენ და მონაგები იქაურ გლახაკებს გაუნაწილეს.
წმინდა ნინო სარა ბეთლემელმა ყველაფერში კეთილად განსწავლა. წმიდანმა მისგან ისიც შეიტყო, რომ მაცხოვრის კვართი წარმართთა სამეუფო ქალაქ მცხეთაში იყო დაკრძალული.
ერთხელ, როდესაც წმიდა ნინო ღვთისმშობლის ხატთან ლოცულობდა, საღმრთო ძალით ღვთისმშობლის სენაკთან იქნა აღტაცებული. მას ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და უთხრა: „აჰა, წარგგზავნი ჩემს წილხვდომილ ჩრდილოეთის ქვეყანაში, საქართველოში. წადი სიმხნით და უშიშად და მის მკვიდრთ ჭეშმარიტება უქადაგე“. შეძრწუნებულმა წმიდანმა მიუგო: „დედოფალო, როგორ შევძლებ ამას სუსტი და უსწავლელი დედაკაცი?“ ნიშნად და წინამძღვრად ღვთისმშობელმა მოკვეთა იქვე ამოსული ვაზის რტო, რომლისგანაც ჯვარი შექმნა, მისცა და უთხრა: „ამით დაძლევ ეშმაკის ყველა მანქანებასა და წარმართავ ქადაგებას, ხოლო მე შეგეწევი და არ დაგტოვებ“.
ჩვენების შემდგომ წმიდა ნინომ იხილა, რომ ხელში ვაზის ჯვარი ეპყრა. შეძრწუნებულმა უფალი და ღვთისმშობელი ადიდა.
ერთი თვის შემდეგ მცხეთაში სავაჭროდ და არმაზის კერპის თაყვანისსაცემად ურბნისიდან ურიცხვი ხალხი წავიდა. მათ წმიდა ნინოც გაჰყვა თან. მცხეთაში მისული კერპთმსახურების საცდურით დაბნელებულ ხალხს უყურებდა და მათი ცდომილებისა და წარწყმედისთვის ტიროდა.
წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევით ქართლში მრავალი სასწაული აღესრულა.
ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთასწორის ქადაგებით, 326 წელს, როდესაც სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრა საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
ეკლესია წმინდა ნინოს წელიწადში ორჯერ, 1 ივნისს - მისი საქართველოში შემოსვლას, ხოლო 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღეს იხსენიებს.

ბეჭდვა