„ქართული აკადემია“ ორგანიზაციებს ფონდ „ქომაგისთვის“ დახმარების შესაძლებლობებზე მსჯელობისკენ მოუწოდებს
„ქართული აკადემია“ ორგანიზაციებს ფონდ „ქომაგისთვის“ დახმარების შესაძლებლობებზე მსჯელობისკენ მოუწოდებს
19:29 31.05.2012
„ქართული აკადემია“ კერძო ფონდებსა და ორგანიზაციებს ფონდ „ქომაგისთვის“ დახმარების შესაძლებლობებზე მსჯელობისკენ მოუწოდებს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, შექმნილ ვითარებაში ფონდ „ქომაგის“ დაარსება დამფუძნებლების მხრიდან დროული, გაბედული და კეთილშობილური წამოწყება იყო. თუმცა, მათივე თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, დაარსების დღიდანვე ფონდის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლა დაიწყო.
„ქალბატონ მოგელაძის სამარცხვინო უწყებამ ყოვლად უკანონოდ დააყადაღა „ქომაგის“ ანგარიში, ხოლო პირველივე მსხვილ შემომწირველს ბიძინა გიორგობიანს ასევე უკანონოდ 900 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, რათა საშუალება არ მისცეს საზოგადოებას დახმარების ხელი გაუწოდოს უსამართლოდ დაჩაგრულ თანამოქალაქეებს“- აცხადებენ „ქართულ აკადემიაში“.
ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ფონდ „ქომაგს“ თანამდგომა სჭირდება და ამავე დროს, „ქომაგი“ სჭირდებათ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც უსამართლოდ იდევნებიან.
„ქართული აკადემია“ მიმართავს კერძო ფონდებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც უკვე გამოხატეს ან მომავალში აპირებენ გამოხატონ თანადგომა „ქომაგის“ მიმართ - შეძლებისდაგვარად მოკლე დროში შეიკრიბონ და თანამოქალაქეთა დახმარების ალტერნატიულ, კანონიერ გზებზე მსჯელობა გაიმართოს.

ბეჭდვა