გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები ხვალ სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან და სამსახურის დატოვების მიზეზებზე ისაუბრებენ.
ცენტრის ყოფილი თანამშრომლები მედიას სამომავალო გეგმებს გააცნობენ.
ცენტრის 60-მა თანამშრომელმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც განათლების მინისტრის ბრძანებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მაია მიმინოშვილი გაათავისუფლეს. მათ სამსახური პროტესტისა და მიმონოშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად დატოვეს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან 28 მაისს გაათავისუფლა. სამინისტროს ინფორმაციით, ამის მიზეზი რეფორმების პროცესში განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის წარმოქმნილი პრინციპული შეუთავსებლობა გახდა.
მიმინოშვილი ვარაუდობს, რომ ის სამსახურიდან მისი შვილის ლაშა ყანჩაველის „ქართული ოცნების“ აქციაზე დასწრების გამო გაათავისუფლეს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად გუშინ შსს-ს პოლიციის აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე დაინიშნა.
