გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ, ამ თანამდებობაზე თავის პირველ ბრიფინგზე საატესტატო გამოცდების შედეგები შეაჯამა.
შედეგების მიხედვით, გამოცდები 41 000-მა მოსწავლემ ჩააბარა, 5%-მა კი - ბარიერი ვერ გადალახა.
დეკანოიძემ გამოცდებზე მიღებული შედეგებით კმაყოფილება გამოხატა და განაცხადა, რომ ასეთი შედეგები განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებმა განაპირობა.
„ყველამ დაინახა რამდენად მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს და მათ კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ. მხოლოდ 5%-მა ვერ მოახერხა მინიმალური ზღვარის გადალახვა, რაც შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით, ბევრად ოპტიმისტურია“ - განაცხადა ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა და განმარტა, რომ შარშან მინიმალური ზღვარი მოსწავლეთა 17%-მა ვერ გადალახა.
მეთორმეტე კლასელებმა წელს 8 საატესტატო გამოცდა კომპიუტერის მეშვეობით ჩააბარეს.
