„დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციამ“ იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გამართა.
აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სამინისტროსგან
მათ მიერ შეტანილ საჩივრებთან დაკავშირებით რეაგირება მოითხოვეს.
საჩივარში დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაცია კომპანიების - „ცენტრ-პოინტისა“ და „დექსუსის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
როგორც „ნიუსპრესს“ აქციის ორგანიზატორმა თემურ ფიფიამ განუცხადა, იუსტიციის სამინისტროს გამოძიების დაწყების მოთხოვნით ორი წერილი გაეგზავნა, თუმცა, მათ რეაგირება არ მოჰყოლია.
„ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ შევახსენოთ იუსტიციის სამინისტროს იმის შესახებ, რომ არსებობს ეს პრობლემა და 6 200 დაზარალებულს პასუხი გასცეს“ - განაცხადა თემურ ფიფიამ.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „რეალ ტვ-ის“ შენობისკენ მიემართებიან.
მათი თქმით, აღნიშნული ტელეკომპანიის ეთერით კომპანია „დექსუსის“ მიერ გადაღებული ფილმი გადის, რომელშიც საუბარია, რომ თითქოს მომხარებელთა მოთხოვნა შესრულებულია და რეაბილიტაციის გეგმა წარმატებით სრულდება.
„სინამდვილეში კი, მათი მხრიდან ადგილი აქვს ულტიმატუმების ენით საუბარს და იმ ხალხს, რომელიც დამატებითი დღგ-ს გადახდაზე არ დათანხმდა, კრწანისის ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე გადაყვანით ემუქრებიან, სადაც მხოლოდ საძირკველია გაკეთებული“- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სამინისტროში კიდევ ერთი საპროტესტო წერილი შეიტანეს, რომელშიც გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.
