2012 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 4 497.6 ათასი კაცი შეადგინა
როგორც „ნიუსპრესს“ სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტიდან აცნობეს, დადებითი მიგრაციული სალდო - 20.2 ათასია და ბუნებრივი მატება - 8.2 ათასი. საქართველოს მოსახლეობა 28.4 ათასი კაცით გაზარდა, რაც 2011 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6%-ით მეტია.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის 53.2% - 2 391.7 ათასი - ქალაქად, ხოლო 46.8% - 2 105.9 ათასი სოფლად ცხოვრობს.
მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდამ შესაბამისი ასახვა ჰპოვა ქვეყნის რეგიონებშიც.
მოსახლეობის ყველაზე დიდი მატება ქვემო ქართლის რეგიონში – 1.1% აღინიშნება, თბილისში – 0.9%, აჭარაში – 0.8% და შიდა ქართლის რეგიონში – 0.5%. მოსახლეობის შემცირება -0.6% რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში აღინიშნება.
2012 წლის 1 იანვრის მონაცემებით, მოსახლეობის 47.7% მამაკაცია - 2 143.8 ათასი და 52.3% ქალი - 2 353.8 ათასი.
წინა წელთან შედარებით, 0.2%-ით გაიზარდა 0-4 წლის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში და 286 ათასი შეადგინა.
წინა წელთან შედარებით, 0.1%-ით შემცირდა 0-14 წლისა და 65 და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი. შესაბამისად, მათი რიცხვი 761.1 და 615.9 ათას კაცს შეადგენს.
ამავე პერიოდის მონაცემებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა მთლიანი მოსახლეობისთვის 74.4 წელს შეადგენდა. მათ შორის, მამაკაცებში 70.1, ხოლო ქალებში - 78.6 წელს.
ბოლო წლებში ქვეყანაში დადებითი მიგრაციული ტენდენცია შეინიშნება. 2010 წელს მიგრაციულმა სალდომ 18.1 ათასი, ხოლო 2011 წელს 20.2 ათასი კაცი შეადგინა.
