უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათაშორისი კომისიის წევრები მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათაშორისი კომისიის წევრები მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
11:49 31.05.2012
უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათშორისი კომისიის წევრები საქართველოს მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ კამპანიიდან „ეს შენ გეხება“ აცნობეს, კომისიის წარმომადგენლები რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარეს ია მამალაძეს, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ნათია კუპრაშვილსა და რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის ხელმძღვანელს რამაზ სამხარაძეს შეხვდნენ.
საუბრის თემა ბოლო დროს მედიაზე ზეწოლის ფაქტების გახშირება და თავიდან მათ ასაცილებლად ეფექტური პრევენციული ზომების შემუშავება იყო.
ია მამალაძემ კომისიის წევრებს რეგიონული მედიის ასოციაციისა და კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ მიერ ბოლოდროინდელი დარღვევების შესახებ შეკრებილი მასალა გადასცა.
„რადგან კანონმდებლობით კომისია უფლებამოსილია საარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევები შეისწავლოს, საჭიროების შემთხვევაში კი, ადმინისტრაციული ორგანოებისთვის ეფექტურად და ოპერატიულად შეიმუშაოს რეკომენდაციები, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, არასამთავრობო სექტორს და მედიას კომისიასთან შეუფერხებელი კომუნიკაციის შესაძლებლობა მიეცეს“ - განაცხადა მამალაძემ.

ბეჭდვა