ეკლესია დღეს წმინდა დავით გარეჯელს იხსენიებს
ეკლესია დღეს წმინდა დავით გარეჯელს იხსენიებს
11:02 31.05.2012
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღირსი მამა დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა  მართლმადიდებელ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.
ღირსი მამა დავითი წარმოშობით ასურეთიდან იყო. ის ჯერ კიდევ ბავშვობაში დაემოწაფა წმინდა იოანე ზედაზნელს და 12 ასურელ მამასთან ერთად, საქართველოში ჩამოვიდა.
წმინდა დავითი თავის სულიერ შვილთან, ლუკიანესთან ერთად, თბილისის მახლობლად მდებარე მთაზე დასახლდა, რომელსაც დღეს ჩვენ მთაწმინდას ვუწოდებთ. შემდგომში სწორედ ამ ადგილას აშენდა მამა დავითის სახელობის ტაძარი.
იმ დროს ქალაქში ცეცხლთაყვანისმცემლები ცხოვრობდნენ. მამა დავითი ბევრს ლოცულობდა ქალაქის მცხოვრებლებისთვის და ღმერთს მათ შეწყალებას და ჭეშმარიტების გზაზე დაყენებას სთხოვდა.
წმინდა დავითი იერუსალიმის მოსალოცად გაემგზავრა, მაგრამ თავი წმიდა ქალაქში შესვლის ღირსად არ ჩათვალა, მხოლოდ შორიდან ხილვით დაკმაყოფილდა, კარიბჭესთან დადგა და მხურვალე ლოცვას შეუდგა. წამოსვლისას სამი ქვა აიღო და საქართველოსკენ გამოეშურა. იმ ღამეს იერუსალიმის პატრიარქს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა: იერუსალიმის მოსალოცად ღვთის მონა დავითი მოვიდა და სარწმუნოებით მთელი იერუსალიმის მადლი მიაქვს. დააწიე მდევარნი და სამი ქვიდან ორი დაიტოვე, ერთი კი გაატანე, თუ არ გინდა, რომ ქალაქი მადლისგან სრულიად განიძარცვოსო.
იერუსალიმის პატრიარქს მაშინვე გამოეღვიძა და ანგელოზის ბრძანება აღასრულა. მამა დავითმა ორი ქვა პატრიარქს დაუტოვა, ერთი კი - გარეჯის უდაბნოში ჩამოიტანა. ეს ქვა დღეს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ინახება და კურნების სასწაულებრივი მადლითაა აღვსილი.
წმინდა დავით გარეჯელი გარეჯის უდაბნოშია დაკრძალული და მის საფლავთან დღესაც ბევრი სასწაული აღესრულება.

ბეჭდვა