მიმინოშვილი ატესტატების უკანონოდ გაცემის ფაქტის არ გახმაურების მიზეზს განმარტავს
მიმინოშვილი ატესტატების უკანონოდ გაცემის ფაქტის არ გახმაურების მიზეზს განმარტავს
10:41 31.05.2012
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი მაია მიმინოშვილი იმ რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რის გამოც ატესტატების უკანონოდ  გაცემის ფაქტი ამ დრომდე არ გახმაურდა.
ამის შესახებ განმარტება მაია მიმინოშვილმა სოციალური ქსელის - „ფეისბუქის“ გვერდზე გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ შეკითხვაზე - რატომ დღეს და არა მანამდე, პასუხის გაცემა სრულიად ლეგიტიმურია.
განცხადების თანახმად, ატესტატების უკანონოდ გაცემის ფაქტის აღმოჩენის შემდეგ, ამის შესახებ კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დაცვით, შესაბამის უწყებებს აცნობეს.
„მეორე, გვქონოდა გარანტია და ბერკეტი, რომ რეალურად ატესტატის არმქონე მოსწავლეები მომდევნო წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სხვა აბიტურიენტების კონკურენტები არ გახდებოდნენ. ამის გარანტორები თავად ჩვენ ვიყავით. მონცემთა ბაზებში არსებული ყველა ჩანაწერი იყო რეალური ბერკეტი, რომ ამ ვალდებულებას შევასრულებდით და მისაღები გამოცდების მთავარ პრინციპს არაფერი დაემუქრებოდა. დღეს ასეთი გარანტიები, ჩვენი მხრიდან აღარ არსებობს“ - ნათქვამია მიმინოშვილის განცხადებაში.
მისივე თქმით, მესამე მიზეზი თუ რატომ არ გახდა საჯარო აღნიშნული ფაქტი, ისაა, რომ შესაბამისი რეაგირების ნაცვლად, უცნაური პასუხი მოისმინეს.
„მერწმუნეთ, რადიკალური ქმედებებისგან თავი ისევ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე შევიკავეთ. რაც შეეხება საჯაროობას, უნდა აღინიშნოს, რომ ამ თემაზე იმ დღეებში რამდენიმე სტატია დაიწერა, თუმცა, როგორც ჩანს, საზოგადოების დიდი ინტერესი ვერ გამოიწვია“ - აღნიშნულია განცხადებაში.
მიმინოშვილმა 28 მაისს, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განათლების მინისტრი კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მან 600–მდე ყალბი ატესტატი გასცა. განათლების სამინისტროს განმარტებით, ეს არა ყალბი, არამედ სპეციალური სერიის ატესტატები იყო და მათი ოდენობა 300-ს არ აღემატებოდა.


ბეჭდვა