„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შეშფოთებულია ჭიათურის საავადმყოფოდან ერთ-ერთი ექიმის მას შემდეგ დათხოვნის გამო, რაც
მან სხვადასხვა მედიასაშუალებასთან და ორგანიზაციასთან საავადმყოფოს მიმართ კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა.
ამის შესახებ განცხადებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ავრცელებს.
ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის აპრილში “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიაში განხილული იყო ზოგიერთი პრობლემა, რომელთა შესახებ ორგანიზაციას ექიმმა მალხაზ წერეთელმა და ჭიათურის საავადმყოფოს სხვა თანამშრომლებმა უამბეს. სწორედ ამის შემდეგ წერეთელი სამსახურიდან დაითხოვეს, რისი მიზეზიც, ორგანიზაციის ვარაუდით, მისი საჯარო გამოსვლები იყო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, მალხაზ წერეთელმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს რამდენიმე ინტერვიუ მისცა, სადაც მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საავადმყოფოს ექთნებს რამდენიმე თვის მანძილზე არ ჰქონდათ მიღებული ხელფასი, საავადმყოფოში არსებული საწოლების რიცხვი ზოგჯერ საკმარისი არ იყო ყველა პაციენტის სამკურნალოდ და თავად ის წერილობითი ხელშეკრულების გარეშე მუშაობდა, ხოლო მისი ხელფასი თვეების მანძილზე მხოლოდ 160 ლარს შეადგენდა.
„სამწუხაროა, რომ მალხაზ წერეთლის გაბედული გადაწყვეტილება, საჯაროდ განეცხადებინა მის სამუშაო გარემოში არსებული პრობლემების შესახებ, საავამდყოფოს ხელმძღვანელობამ და მესაკუთრემ ვითარების გამოსწორებისა და ზოგიერთი პრობლემის მოგვარებისთვის არ გამოიყენა“-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ მსგავსი პრობლემები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მოქმედ საავადმყოფოებში არსებობს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოვლენების ასეთი განვითარების გამო წუხილს გამოთქვამს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერეთლის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტის გამოკვლევას სთხოვს.
ამავე დროს, ორგანიზაცია საავადმყოფოს მესაკუთრე კომპანია “ირაოს”, ასევე საავადმყოფოს მენეჯმენტის განმახორციელებელ კომპანია “ჯეოჰოსპიტალს” მოუწოდებს, გადახედონ მათ დამოკიდებულებას თანამშრომლების მიმართ, ხოლო მალხაზ წერეთლის მიერ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები ჭიათურისა და სხვა საავადმყოფოებში პაციენტებისა და პერსონალისთვის პირობების გაუმჯობესებისთვის გამოიყენონ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ასევე “ირაოსა” და “ჯიპიაის” მფლობელს, “ვენის სადაზღვევო ჯგუფს” მიმართავს, მის შვილობილ კომპანიებში თანამშრომლებთან სამართლიანი მოპყრობა უზრუნველყოს, როგორც ამას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები მოითხოვს.
