მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკი ღია ბაზრის ოპერაციებისთვის დღემდე მოქმედ სხვა ინსტრუმენტებთან
ერთად, მის პორტფელში არსებულ სახელმწიფო ობლიგაციებსაც გამოიყენებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ივნის-ივლისის პერიოდში ბანკი 114 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდების გაყიდვას გეგმავს, რომელთა ვადიანობა 1-დან 5 წლამდე მერყეობს. აუქციონები მიმდინარე კვირაში დაიწყება და ყოველკვირეულად, ოთხშაბათ დღეს ჩატარდება.
როგორც ბანკში განმარტავენ, ეროვნული ბანკის პორტფელიდან ფასიანი ქაღალდების გაყიდვა საპროცენტო განაკვეთების მერყეობის შემცირებასა და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდას, ასევე ფულად ბაზარზე ჭარბი ლიკვიდობის სტერილიზაციის მიზნებს ემსახურება.
აღნიშნული ობლიგაციები გამოშვებულია მთავრობის მიერ 1990-იან წლებში ეროვნული ბანკის მიერ მთავრობაზე გაცემული სესხების ფასიან ქაღალდებად გადაფორმების შეთანხმების ფარგლებში. შეთანხმება ეროვნულ ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს შორის 2006 წელს შედგა, რომლის შემდეგაც ყოველწლიურად 48 მლნ ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდი ხდება მიმოქცევადი და ეროვნულ ბანკს მათი გამოყენება ღია ბაზრის ოპერაციებისათვის შეუძლია.
