საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის მაია მიმინოშვილის მიერ გაკეთებული განცხადებას - ყალბი
ატესტატების გაცემასთან დაკავშირებით, უარყოფს.
შესაბამისი განცხადება განათლების სამინისტრომ საკუთარ ვებ-გვერდზე გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოიცა ბრძანება, რომლის თანახმად, 2011 წლის სკოლის კურსდამთავრებულთათვის განისაზღვრა სპეციალური სერიის მქონე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატების გაცემა. გამონაკლისი დაიშვა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე არ დარეგისტრირდნენ ან ვერ მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი სრული ზოგადი განათლების ატესტატის მისაღებად საჭირო საგნებში დადებითი შეფასება.
„სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატები მიიღო 2010-2011 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა ორმა კატეგორიამ და მათი რაოდენობა 298-ს არ აღემატება. პირველი კატეგორიაა ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები, რომლებმაც ქართული ენის არასრულფასოვანი ცოდნის გამო ვერ დაძლიეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები. ატესტატები აიღო ასევე 14-მა განსაკუთრებით ნიჭიერმა ქართველმა მოსწავლემ, რომლებმაც გამოცდები წარმატებით ჩააბარეს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტბში, სადაც ჩარიცხვის ძალიან მკაცრი მექანიზმები მოქმედებს“-ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ აღნიშნულ უნივერსიტეტებს საკუთარი საგამოცდო სისტემა აქვთ, რომელიც საქართველოში მიმდინარე სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს დროში ემთხვევა .
სამინისტრო განმარტავს, რომ თითოეული მოსწავლის უფლების დაცვის მიზნით მინისტრმა ამ მოსწავლეებზე სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ამავე დროს, ამ ტიპის ატეტსტის მქონე მოსწავლეებს საქართველოში ავტორიზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება არ აქვთ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რომ საქართველოს განათლებისა და მენციერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თავად იყო რეფორმის ინიციატორი, რომელმაც ქვეყანაში ყალბი ატესტატების გაცემის თეორიული შესაძლებლობაც კი მთლიანად შეცვალა.
„მინისტრის ინიციატივით დაინერგა ახალი მოდელი. კერძოდ, თუ რეფორმამდე ატესტატებს სკოლის დირექტორი ავსებდა და გასცემდა, ამჟამად ატესტატების აღრიცხვა ცენტრალიზებულად, მხოლოდ ელექტრონული ბაზის საშუალებით ხორციელდება. ელექტრონულ ბაზაზე წვდომა კი მხოლოდ გამოცდების ეროვნულ ცენტრს აქვს, რაც სამინისტროს მხრიდან ყალბი ატესტატის გაცემის შესაძლებლობას გამორიცხავს“-აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
