გამოცდების ეროვნულ ცენტრს პოლიციის აკადემიის უკვე ყოფილი რექტორი ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.
დეკანოიძე რამდენიმე წუთის წინ სამინისტროში ახალ თანამდებობაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა წარადგინა.
მინისტრის თქმით, დეკანოიძე ბევრ წარმატებულ რეფორმაში უშუალოდ მონაწილობდა და დიდი გამოცდილება აქვს.
მისივე თქმით, დეკანოიძეს ამ ეტაპზე ორი ძირითადი ამოცანა ექნება - ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩატარება და რეფორმების გაგრძელება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თანამდებობიდან 28 მაისს გაათავისუფლა. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რეფორმების პროცესში განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობა წარმოიქმნა, რაც ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა.
როგორც მინისტრის მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ განმარტა, მაია მიმინოშვილსა და დიმიტრი შაშკინს შორის პრინციპული შეუთავსებლობა 3 ძირითად საკითხში გამოიკვეთა.
კერძოდ, მისი თქმით, სამინისტროს სურვილია, რომ პედაგოგებისთვის კომფორტული გარემო შეიქმნას, როგორც სატესტო ნაწილში ისე გამოცდების მიმდინარეობის დროს, რაზეც სამინისტრო მიმინოშვილის მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდა.
მეორე შეუთანხმებლობა გამოცდების მოდელზე იყო, რადგან მისივე თქმით, შესაძლოა, 8+1 მოდელზე გადასვლა მოხდეს, რაც საატესტატო გამოცდებს და ერთი, უნარ-ჩვევების გამოცდას გულისხმობს. მისი განმარტებით, მიმინოშვილის მხრიდან ამასაც წინააღმდეგობა მოჰყვა. ხოლო მესამე პრინციპული წინააღმდეგობა საქართველოში ეთნიკური უმცირესობებისთვის ატესტატების გაცემის საკითხს შეეხებოდა.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება 27 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე მისი შვილის დასწრებას უკავშირდება. მიმინოშვილმა დაასტურა, რომ მისი შვილი, მეუღლესთან ერთად აქციაზე იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ ცენტრის 60-მდე თანამშრომელმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. მათი ინფორმაციით, სამსახურიდან ის თანამშრომლებიც წავლენ, რომლებიც საატესტატო გამოცდების გამო, რეგიონებში იმყოფებიან.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ თანამშრომლებს შაშკინი გუშინ შეხვდა და მათ სამსახურში დარჩენა შესთავაზა, თუმცა, უმრავლესობისგან უარი მიიღო.
