კალაძე - თუ იტალიელი სამართალდამცავები დამიბარებენ, მზად ვარ იტალიაში ნებისმიერ დღეს ჩავფრინდე
კალაძე - თუ იტალიელი სამართალდამცავები დამიბარებენ, მზად ვარ იტალიაში ნებისმიერ დღეს ჩავფრინდე
15:58 29.05.2012
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახი კალაძე მასმედიას მოუწოდებს, იტალიაში ე.წ გაყიდული მატჩების სკანდალთან დაკავშირებით, წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან თავი შეიკავონ და სიტუაციის დრამატიზება არ მოახდინონ.  ამის შესახებ განცხადება კალაძემ დღეს ბრიფინგზე გააკეთა.
მან ასევე განმარტა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ქართულ მედიაში სკანდალთან დაკავშირებით მის კავშირზე ბევრი არასწორი ინფორმცია გავრცელდა.
„ზოგიერთმა მედიასაშუალებამ უკადრებელი იკადრა. ბევრი არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს, „მილანიდან“ გამომაგდეს და სილვიო ბერლუსკონის ოჯახთან უსიამოვნება მომივიდა“ - აღნიშნა კალაძემ.
ფეხბურთელის თქმით, სკანდალთან მისი დაკავშირება განგებ ხდება და მსგავსი სახის ნეგატიური ინფორმაციები მასთან მიმართებაში ადრეც არაერთხელ გავრცელებულა.
„თუ ვინმეს სურს, ამ ამბავს კუდი მოაბას, მისი საქმეა. მთელი ცხოვრება ჩაწყობილ თამაშებს ვებრძვი და ჩემთვის ასეთი სიტუაცია არასერიოზულია“ - განაცხადა მან.
კალაძემ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იტალიელი სამართალდამცავები მას მოწმის სტატუსით დაიბარებენ, მზადაა, იტალიაში ნებისმიერ დღეს ჩაფრინდეს და ჩვენება მისცეს.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ იტალიურ ფეხბურთში ბოლო დროს მომხდარ სკანდალთან დაკავშირებით ათეულობით ფეხბურთელი დაკითხეს. ის მომხრეა, ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს, ვინც თამაშების გაყიდვაში მართლაც მონაწილოებდა.
კალაძემ განმარტება იტალიურ პრესაში გავრცელებული სატელეფონო საუბრის შესახებაც გააკეთა. მისი თქმით, გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერში კალაძე და მისი ყოფილი თანაგუნდელის მეგობარი, ვინმე სერჯიო კარის შესახებ საუბრობდნენ.
„ეს საუბარი ჩვენს შორის კარსა და მარმარილოს შეეხებოდა. მოგეხსენებათ, ქობულეთში სასტუმროს ვაშენებ, მასალა კი - მის მოსაწყობად მჭირდებოდა. სერჯიო დამპირდა, რომ მას კარის დიდი პარტიის მოყიდვა შეეძლო ჩემთვის, მაგრამ შემდეგ ჩვენ შორის გარიგება ჩაიშალა. ვფიქრობ, იტალიური პრესისა და სამართალდამცავების ინტერესი სიტყვა „კარებმა“ გამოიწვია და ჩათვალეს, რომ ჩვენ კოდირებული საუბარი გვქონდა, თუმცა, ეს ასე არ არის“-განაცხადა კალაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ გასული წლის 14 მაისს ჯენოა-ლაციოს თამაშში, რომელზეც ამბობენ რომ გაყიდული იყო, მას მონაწილოება ტრავმის გამო საერთოდ არ მიუღია. ამასთან, საფეხბურთო კლუბი „ჯენოა“ მან სწორედ ამ თამაშის შემდეგ დატოვა და საქართველოს ნაკრებში წამოვიდა.
იტალიური პრესის ინფორმაციით, იტალიელმა სამართალდამცავებმა ე.წ. ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს. მათ მოწმის სტატუსით უკვე 60-მდე ფეხბურთელი დაკითხეს. იტალიური მედია ვარაუდობს, რომ მოწმის სტატუსით შესაძლოა, დაკითხვაზე კალაძეც გამოიძახონ.

ბეჭდვა