უმუშევართა კავშირმა და თავისუფალ ასოციაციათა კავშირმა დღეს დედაენის ბაღში აქცია გამართა.
აქციის მონაწილეები საქართველოში მიმდინარე მშენებლობებზე უცხოელების დასაქმებას აპროტესტებდნენ.
"მაშინ როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 71 პროცენტს უმუშევრობის პრობლემა აწუხებს, საქართველოში მიმდინარე მშენებლობებზე ჩინელები არიან დასაქმებულნი" - განაცხადა "ნიუსპრესთან" საუბარში "უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" თავმჯდომარემ ალექსანდრე შალამბერიძემ.
მისივე თქმით დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, იუსტიციის სახლის მშენებლობაზე 150-მდე ჩინელი მუშაა დასაქმებული.
თავისუფალ ასოციაციათა კავშირის თავმჯდომარე თამარ იოვაშვილის განცხადებით კი მუშები რომლებიც იუსტიციის სახლის მშენებლობაზე მუშაობენ, ჩინეთიდან ჩამოყვანილი პატიმრები არიან.
ჩინელი მუშები დედაენის ბაღში მდებარე რესტორან "მერცხალში" არიან დაბინავებული.
"უნდა ნახოთ შიგნით რა საშინელი მდგომარეობაა. ორსართულიანი ლოგინები აქვთ და დაახლოებით 50 კაცს ერთ ოთახში სძინავს, ოთახებში კი ანტისანიტარიის ბუდეა"- განაცხადა იოვაშვილმა.
