გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები ახლებს ყველა ინფორმაციას გადასცემენ
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები ახლებს ყველა ინფორმაციას გადასცემენ
13:16 29.05.2012
გამოსაშვები გამოცდების, ერთიანი ეროვნული და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობას, გამოცდების ეროვნული ცენტრის  თანამშრომლების სამსახურიდან წასვლა არ შეაფერხებს.
როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის დეპარტამენტის ყოფილმა ხემძღვანელმა ია კუტალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ცენტრის ყოფილი დირექტორის მაია მიმინოშვილის თხოვნით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გამოცდების მიმდინარეობას საფრთხე არ დაემუქროს.
„ძალიან კარგად ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. ეს არის სისტემა, რომელიც ჩვენი ერთიანი და დაუღალავი შრომით შევქმენით“ - განაცხადა კუტალაძემ და აღნიშნა, რომ ერთი თვის განმავლობაში იმ ადამიანებს, რომლებსაც ცენტრში მოიყვანენ, ყველა ტიპის ინფორმაცია გადაეცემათ, რაც მათ პროცესების ადმინისტრირებისთვის დასჭირდებათ.
ის თუ რამდენად მოახერხებენ ახალი თანამშრომლები ამას, კუტალაძის განმარტებით, მათი პროფესიონალიზმისა და მენეჯმენტის პასუხისმგებლობაა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის 60-მა თანამშრომელმა დღეს სამსახური დატოვა. ამის შესახებ მათ საგანგებო განცხადება გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობასთან გააკეთეს. აღინიშნა, რომ სამსახურს ცენტრის ის თანამშრომლებიც დატოვებენ, რომლებიც ამ დროისთვის გამოსაშვები გამოცდების გამო, რეგიონებში იმყოფებიან.

ბეჭდვა