გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან
შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ის აპოლიტიკური პიროვნებაა და პოლიტიკაში გადასვლას არ აპირებს.
როგორც „ნიუსპრესს“ მაია მიმინოშვილმა განუცხადა, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მასთან შეხვედრაზე მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებით დაინტერესდა, რადგან ამის ერთ-ერთ მოტივად მისი შვილის „ქართული ოცნების“ აქციაზე დასწრება სახელდებოდა.
მიმინოშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი რაიმე სახის თანამშრომლობაზე კოალიციასთან და არც ბიძინა ივანიშვილს შეუთავაზებია მის პოლიტიკურ გუნდში გაერთიანება.
„მე არ ვარ პოლიტიკის ადამიანი და არ ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას“ - განაცხადა მიმინოშვილმა.
ამასთანავე, მისთვის, ამ დრომდე უცნობია თანამდებობიდან გათავისუფლების რეალური მიზეზები.
როგორც „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, შეხვედრასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
მიმინოშვილი განათლების მინისტრმა თანამდებობიდან რეფორმების პროცესში შეუთანხმებლობის მოტივით გუშინ გაათავისუფლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმინოშვილი თანამდებობიდან იმიტომ დაითხოვეს, რომ მისი შვილი მეუღლესთან ერთად, 27 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე იმყოფებოდა. მიმინოშვილმა დაადასტურა, რომ მისი ვაჟი აქციას დაესწრო.
