შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საზოგადოებას ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი -
ჯანდაცვის ომბუდსმენი სოფია ლებანიძე და სამსახურის ახალი თანამშრომლები წარუდგინა.
ჭიაბერაშვილის განცხადებით, ახალი პერსონალი სამინისტრომ კონკურსის წესით შეარჩია, რომლშიც მონაწილეობა 1 100-მა მოქალაქემ მიიღო. მისი თქმით, თანამშრომელთა შერჩევის მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი, განათლება და გამოცდილება იყო.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ უკვე დაზღვეულ სოციალურად დაუცველ 800 000-ზე მეტ მოქალაქეს სექტემბრიდან დაზღვეულთა ახალი ნაკადი შეემატება. მოხდება ყველა პენსიონერისა და 0-დან 5 წლამდე ასაკის ყველა ბავშვის დაზღვევა.
„ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა რაოდენობა 1 მლნ 800 ათასს მიაღწევს, ხოლო მთლიანად დაზღვეულთა რაოდენობა 2 მლნ 300 ათასს. ჩვენი მთავარი ამოცანა თითოეული დაზღვეულის უფლების დაცვაა“ - განაცხადა მან.
მინისტრის განმარტებით, მედიაციის სამსახური დამოუკიდებელი მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომელიც დაზღვეულთა უფლებების დაცვაზე, ასევე საავადმყოფოებსა და სადაზღვევო სტრუქტურებს შორის ურთიერთობის მოგვარებაზე იზრუნებს, რათა სახელმწიფოს მიერ დაზღვეულმა თითოეულმა მოქალაქემ სრულფასოვანი სადაზღვევო მომსახურება მიიღოს.
