იტალიის რესპუბლიკის იუბილესთან დაკავშირებით, იტალიელ მებაირაღეთა ეროვნული ნაკრების „sbandieratori”-ს უჩვეულო შოუ თბილისში პირველად გაიმართება. ამის
შესახებ „ნიუსპრესს“ საქართველოში იტალიის საელჩოდან აცნობეს.
მედროშეთა წარმოდგენა 31 მაისს 19.00 საათზე, მეიდანზე გაიმართება.
შოუში მონაწილეობას მიიღებენ იტალიის 6 რეგიონის სპორტსმენები და მუსიკოსები.
„ქართულ საზოგადოებას ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული, სანახაობრივი და ფერადი შოუს ღია ცის ნახვის შესაძლებლობა ეძლევა, რომელიც შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს“ - აცხადებენ საელჩოში.
წარმოდგენა, ასევე, საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლის იუბილეს ეძღვნება.
ღონისძიებას გახსნის იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი. შოუს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრებიან.
