განათლების სამინისტროში გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის კანდიდატურაზე მსჯელობენ
განათლების სამინისტროში გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის კანდიდატურაზე მსჯელობენ
10:47 29.05.2012
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის კანდიდატურაზე მსჯელობენ.
როგორც „ნიუსპრესს“ განათლების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ცენტრის დირექტორის მოვალეობას დროებით, განათლების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე ასრულებს.
დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კოკა სეფერთელაძის დანიშვნის გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო.
შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რეფორმების პროცესში განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობა წარმოიქმნა.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება მისი შვილის მიერ 27 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე დასწრებას უკავშირდება. მიმინოშვილმა დაასტურა, რომ მისი შვილი, მეუღლესთან ერთად აქციაზე იმყოფებოდა.
გუშინვე, გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა პრეზიდენტს მიმართვა გაუგზავნეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ მიმინოშვილის გათავისუფლება რეალურ საფრთხეს უქმნის, როგორც ეროვნული გამოცდების, ასევე საატესტატო გამოცდების ჩატარების პროცესს. თანამშრომლებმა სამსახურის დატოვებაზე განცხადებებიც დაწერეს. გუშინ გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინიც შეხვდა.

ბეჭდვა