პარტია „ახალი მემარჯვენეები“ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ყოფილი დირექტორის მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან
გათავისუფლებისა და ცენტრში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
როგორც „ახალი მემარჯვენეების“ განცხადებაშია ნათქვამი, განათლების სფეროში რეფორმების განხორციელების რთული და წინააღმდეგობრივი პროცესის განმავლობაში, რომელიც ქვეყანაში 2004 წლიდან მიმდინარეობს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი და მისი ხელმძღვანელი იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელიც თავის მოვალეობას კვალიფიციურად ასრულებდა და სადავო საკითხებისას ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოებრივად სწორი პოზიცია ჰქონდა.
განცხადების თანახმად, სკოლებში მიმდინარე საატესტატო, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობისას და ერთიანი ეროვნული გამოცდების წინ, ცენტრის ხელმძღვანელის გათავისუფლება აბსოლუტურად გაუგებარია.
„არგუმენტები, რომელსაც განათლების სამინისტრო იშველიებს გაუგებარი და არადამაჯერებელია და დამატებით განმარტებებს საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გვრჩება საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ მიმინოშვილი თანამდებობიდან მინისტრის პირადი ანგარიშსწორების გამო გაათავისუფლეს“ - აღნიშნულია განცახდებაში.
„მემარჯვენეები“ მოითხოვენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება და საზოგადოებას უფრო დაწვრილებით გააცნოს კონკრეტულად რომელ საკითხებში პოზიციათა შეუთავსებლობას მოჰყვა გამოცდების ცენტრის დირექტორთან სამინისტროს ხელმძღვანელობის კონფლიქტი.
მათივე განცხადებით, განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის დროს განათლების სისტემა ერთ-ერთ ყველაზე დახურულ სფეროდ იქცა, საიდანაც ინფორმაციის მიღება პრობლემურია, მაშინ როდესაც ეს უწყება ყველაზე გახსნილი და გამჭვირვალე უნდა იყოს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რეფორმების პროცესში განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობა წარმოიქმნა.
