საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ETSI-ის კონფერენცია გაიხსნება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ETSI-ის კონფერენცია გაიხსნება
19:40 28.05.2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ხვალ ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის (ETSI) სამუშაო  შეხვედრა-კონფერენცია გაიხსნება.

შეხვედრაზე ევროპის სატელეკომუნიკაციო სფეროს ერთ-ერთი უმაღლესი დონის თანამდებობის პირები სხვადასხვა საკითხებს განიხილავენ - ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის მიმოხილვითი პრეზენტაცია, ახალი ტექნოლოგიები და ახალი სტანდარტები LTE–ის და მობილურ TV–სთან დაკავშირებულ საკითხებზე, რადიოსიხშირული სპექტრის რეგულირება და ევროპული სტანდარტები, მიმდინარე და მომავალი საქმიანობა სიხშირულ ზოლებში, ჰარმონიზებული სტანდარტები და R&TTE დირექტივა. ასევე, ციფრული მაუწყებლობის ახალი სტანდარტები (DVB – DAB).

კონფერენციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის თანამშრომლების გარდა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კომპანიების, ასევე რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის წევრი ტელეკომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან.

როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, ორდღიან კონფერენციას ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის პრეზიდენტის მოადგილეები ადრლან სკრასე და მაიკლ შარპე, ასევე სტანდარტიზაციის პროექტის ოფიცერი იგორ მინაევი გაუძღვებიან.

ბეჭდვა