საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ მაუწყებელთან დაკავშირებით
დღეს გაკეთებულ განცხადებას, მედიაზე ზეწოლის კამპანიის შეფასებას აძლევს.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის საპასუხო განცხადებაშია ნათქვამი, დღეს ივანიშვილმა აღნიშნა, რომ თუ ,,არ გადააწყობენ რიტორიკას“ და ივანიშვილის მიმართ აბსოლუტურად ლოიალურები არ იქნებიან, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ინსტიტუციის მომავალი ეჭვქვეშ დადგება.
„საზოგადოებრივი მაუწყებლობა და მისი სარედაქციო თუ ფინანსური დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნის მონაპოვარია, რომელიც ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონშია დაფიქსირებული. ჩვენი დაფინანსება არაა დამოკიდებული პარლამენტის და მითუმეტეს, მთავრობის ნება-სურვილზე და მთლიანი შიდა პროდუქტის 0.12%-ია“ - ნათქვამია განცხადებაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მაუწყებლის, როგორც საქართველოში ყველაზე დაბალანსებული და მიუკერძოებელი ტელერადიოკორპორაციის საქმიანობა ეუთო-მ, გაერო-მ, ევროკავშირმა, ,,ბიბისიმ“ და სხვა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ დაადასტურეს.
„ამ ფონზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის თვითნებური შეცვლის, მეტიც, მუშაობის შეწყვეტის მუქარა აღიქმება, როგორც დაუფარავი შანტაჟი და სარედაქციო პოლიტიკის წინასაარჩევნოდ შეცვლის უხეში მცდელობა“ - აღნიშნულია განცხადებაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები მედიაგარემოს დემოკრატიზაციის მიმართულებით მოქმედ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ივანიშვილისა და მისი გუნდის მიერ მედიაზე ზეწოლის ფაქტების შეფასებისკენ მოუწოდებენ.
ბიძინა ივანიშვილმა დღეს ბრიფინგზე საზოგადოებრივ მაუწყებელს რიტორიკა დაუწუნა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამ არხს საზოგადოება ხელფასს არ გადაუხდის თუ ისეთი განწყობა იქნება საზოგადოების მიმართ, როგორიც გუშინ მისი ერთ-ერთი გადაცემის წამყვანს ჰქონდა. მისივე განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს „თავიანთი რიტორიკის გადაწყობა მოუწევთ“, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება ფულს აღარ გადაიხდის.
