გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცენტრის თანამშრომლები სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებებს წერენ.
როგორც „ნიუსპრესს“ გამოცდების ცენტრიდან აცნობეს, მსგავსი ტიპის
განცხადებები ცენტრის კანცელარიაში ყოველწუთს შედის.
გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართვა გაუგზავნეს, სადაც ისინი აცხადებენ, რომ განათლების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება რეალური საფრთხის ქვეშ, როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების, ასევე, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო და საერთო-სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას აყენებს.
მიმართვაში თანამშრომლები პრეზიდენტს ისეთი გადაწყვეტილების მიღებას სთხოვენ, რომელიც მსგავს საფრთხეს მოხსნის და საზოგადოების უნდობლობის თავიდან აცილებას გამოიწვევს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან დღეს გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რეფორმების პროცესში განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობა წარმოიქმნა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და საატესტატო გამოცდების შეუფერხებლად მიმდინარეობასა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას უზრუნველყოფს.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, მიმინოშვილის მოხსნის მიზეზი მისი შვილის ლაშა ყანჩაველის „ქართული ოცნების“ აქციაზე დასწრება გახდა. მიმინოშვილმა დღეს დაადასტურა, რომ მისი შვილი მეუღლესთან ერთად აქციაზე იმყოფებოდა და იქვე დასძინა, რომ ლაშა ყანჩაველი ზრდასრული, დამოუკიდებელი ადამიანია და თავად იღებს გადაწყვეტილებებს სად უნდა წავიდეს.
