გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი მაია მიმინოშვილი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე
მისი შვილის დასწრებას არ უკავშირებს.
როგორც მაია მიმინოშვილმა გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი შვილი დამოუკიდებელი ადამიანია, ის ცალკე ცხოვრობს და თავად იღებს გადაწვეტილებას სად უნდა წავიდეს.
მისი თქმით, განათლების მინისტრს დიმიტრი შაშკინს მისი გათავისუფლების მიზეზები არ აუხსნია.
„თუ პოზიციების შეუთავსებლობა ისაა, რომ 10 წლის განმავლობაში ცენტრი მაქსიმალურად ცდილობდა, აბსოლუტურად ობიექტურად, ხარისხიანად ეკეთებინა ის საქმე, რასაც ამ პერიოდში ვაკეთებდი, ამ შემთხვევაში, უბრალოდ მოსაზრება არ მაქვს“ - განაცხადა მიმინოშვილმა.
მისი თქმით, რეფორმებთან და სხვა სამუშაო საკითხებთან დაკავშირებით ყველა განსხვავებული მოსაზრება, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უკან რჩებოდა და საქმე გადაწყვეტილების მიხედვით კეთდებოდა.
მიმინოშვილის განმარტებით, ის ამჟამად თანამშრომლების პოზიციების შეჯერებას ცდილობს, რომ გამოცდების მიმდინარეობას ხელი არ შეეშალოს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმინოშვილის მოვალეობას მისი მოადგილე სოსო გოგილიძე შეასრულებს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან დღეს გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რეფორმების პროცესში განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობა წარმოიქმნა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და საატესტატო გამოცდების შეუფერხებლად მიმდინარეობასა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას უზრუნველყოფს.
