გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობას, უკვე ყოფილი დირექტორის მაია მიმინოშვილის მოადგილე სოსო გოგილიძე შეასრულებს.
მაია მიმინოშვილი ამ წუთებში გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჟურნალისტებს ხვდება და რამდენიმე წუთში, სავარაუდოდ, კომენტარსაც გააკეთებს.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში გათავისუფლების ზუსტ მიზეზებზე ვერ საუბრობენ. ცენტრის პრესსამსახურის განცხადებით, დაკავებული თანამდებობიდან მიმინოშვილის გათავისუფლება, როგორც მიმინოშვილისთვის, ასევე, ცენტრის თანამშრომლებისთვის მოულოდნელი იყო.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან დღეს გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რეფორმების პროცესში განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობა წარმოიქმნა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და საატესტატო გამოცდების შეუფერხებლად მიმდინარეობასა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას უზრუნველყოფს.
