მაია მიმინოშვილი თანამშრომლებს ხვდება
მაია მიმინოშვილი თანამშრომლებს ხვდება
15:24 28.05.2012
გამოცდების ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ამ წუთებში ცენტრის თანამშრომლებს ხვდება.
როგორც „ნიუსპრესს“ გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, მაია მიმინოშვილი თანამშრომლებთან შესახვედრად პირდაპირ განათლების სამინისტროდან მივიდა.
მათი ინფორმაციით, მიმინოშვილმა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 15 წუთის წინ გაიგო და მომხდარის გამო გაკვირვებულია.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში გათავისუფლების ზუსტ მიზეზებზეც ვერ საუბრობენ.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის თავის საქმეს აკეთებდა, შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი მისთვის ამოუხსნელია. იქნებ ეს კომენტარი სამინისტროსგან მოიპოვოთ“ - განუცხადეს „ნიუსპრესს“ პრესსამსახურში.
მათივე თქმით, საატესტო გამოცდების მიმდინარეობის პროცესში განათლების სამინისტროს ეს გადაწყვეტილება სრულიად გაუგებარია.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან დღეს გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რეფორმების პროცესში განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობა წარმოიქმნა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და საატესტატო გამოცდების შეუფერხებლად მიმდინარეობასა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას უზრუნველყოფს.

ბეჭდვა