კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლების მოედანზე გუშინ გამართულ აქციას უცხოური მედია ეხმაურება.
გამოცემა „ვოშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, აღნიშნული აქცია ბოლო სამი წლის განმავლობაში, ყველაზე ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო დემონსტრაცია იყო.
„ეს ასევე, აქციის ორგანიზატორის, ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტიკური დებიუტი იყო, რომელიც საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი და ცნობილი ქველმოქმედია“- იტყობინება „ვოშინგტონ პოსტი“.
გამოცემა კოალიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილისა და „დემოკრატიული მოძარაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ურთიერთობაზეც ამახვილებს ყურადღება. გამოცემის ცნობით, ივანიშვილმა რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან ერთად კოალიცია ჩამოაყალიბა, მაგრამ სხვებთან, მათ შორის ოპოზიციის ვეტერან ლიდერ, ნინო ბურჯანაძის პარტიასთან მუშაობაზე უარი თქვა.
გერმანული საინფორმაციო სააგენტოს „დიე ვესტის“ ინფორმაციით, გუშინ აქციაზე დაახლოებით 80 000-მა მოქალაქემ პროტესტი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოხატა. ამასთან აღნიშნავენ, რომ სააკაშვილის რეაქცია აქციის მიმართ დემონსტრაციულად მშვიდი იყო.
27 მაისის აქციას „ბიბისიც“ წლების განმავლობაში უდიდეს ანტისამთავრობო დემონსტრაციად აფასებს. „ოპოზიციის განცხადებით, მიტინგზე 300 000 კაცი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის მმართველ პარტიას საბრძოლველი უფრო მეტი ექნება, ვიდრე ეს ადრე იყო მოსალოდნელი“ - აღნიშნავს „ბიბისი“.
ამასთან, „ბიბისის“ კორესპონდენტი დემიან მაკგინესი ამბობს, რომ დემონსტრაცია დღეს თბილისში ისე აღიქმება, როგორც ოპოზიციის საზოგადოებრივი მხარდაჭერის ტესტი.
რაც შეეხება გამოცემა „ვაშინგტონ თაიმსს“, მისი ინფორმაციით, მილიარდერი მაგნატის და ოპოზიციური ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ალიანსის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თავისუფლების მოედანზე გულუხვად ორგანიზებულ მიტინგზე შეიკრიბნენ, რომლის მიზანიც ოქტომბრის არჩევნების წინ ძალის დემონსტრირება იყო. მათივე ცნობით, 27 მაისის აქცია 2009 წლის შემდეგ ოპოზიციის მიერ გამართული ყველაზე დიდი დემონსტრაცია იყო.
მასალა მომზადებულია „foreignpress.ge“-ზე დაყრდნობით.
