დატოვებენ თუ არა ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ თანამშრომლები სამსახურს დღეს გაირკვევა. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ტელეკომპანიის
ყოფილმა დირექტორმა და ერთ-ერთმა მფლობელმა დავით ზილფიმიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, საკუთარ თანამშრომლებს მან გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების საშუალება მისცა.
„მათ შეუძლიათ გადაწყვიტონ რა ურჩევნიათ - ტელევიზიიდან წასვლა, ჩემთან დარჩენა თუ ახალ დირექტორთან მუშაობა. მათი პოზიცია დღეს გამოჩნდება. თუმცა მე, არავითარ შემთხვევაში არ დავემდურები“ - აღნიშნა ზილფიმიანმა.
მისივე განმარტებით, მას კვლავ სურს დაპირისპირებული მხარის, ახალი დირექტორის ვასილ კობაიძის წარმომადგენლებთან შეხვედრა და დღეს ამას კიდევ ერთხელ მოითხოვს.
ტელეკომპანიის ყოფილ და ახალ დირექტორებს დავით ზილფიმიანსა და ვასილ კობაიძეს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ვასილ კობაიძემ გეოფიზიკის ინსტიტუტის შენობა, სადაც „პირველი სტერეოს“ ოფისი მდებარეობს, კერძო დაცვის კომპანია „მგლების“ მეშვეობით დაიკავა და „პირველი სტერეოსა“ და „სტერეო პლიუსის“ თანამშრომლებს იქ შესვლის უფლებას ამ დრომდე არ აძლევს. ზილფიმიანი მის წინააღმდეგ უკანონო ქმედებების განხორციელებაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს ადანაშაულებს.
