2011 წლის 26 მაისს დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი დღეს ყველა რეგიონში ჩატარდა
2011 წლის 26 მაისს დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი დღეს ყველა რეგიონში ჩატარდა
20:21 26.05.2012
2011 წლის 26 მაისის მოვლენების დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი და დაზარალებულთა სახელზე პარაკლისი დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარის გარდა, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ჩატარდა.  ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „სახალხო კრების“ პრესსამსახურიდან აცნობეს.
„სახალხო კრების“ ინიციატივით, პანაშვიდი და პარაკლისი ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, თელავის, ვანის, ასევე, რამდენიმე სოფლის ეკლესიაში ჩატარდა.
პრესსამსახურის ცნობით, „სახალხო კრებას“ დღეს რეგიონებიდან მომხრეების მობილიზება არ გამოუცხადებია. ამიტომ, მათ და ყველას ვისაც სურვილი ჰქონდა გარდაცვლილთა ხსოვნისთვის პატივი მიეგო, საშუალება ჰქონდათ ღვთისმსახურებას ადგილებზე დასწრებოდნენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დღეს, სამების ტაძარში გასული წლის 26 მაისის აქციაზე დაშავებულთა და დაპატიმრებულთათვის პარაკლისი აღევლინა, ჩატარდა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
ღვთისმსახურებას როგორც „სახალხო კრების“ ისე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები და წარმომადგენლები დაესწრნენ.
2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე „სახალხო კრების“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა იყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
შეკრებილები შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმებმა ძალისმიერი გზით დაარბიეს. აქციის დაშლის დროს, რამდენიმე მოქალაქე გარდაიცვალა და ასეულობით დაშავდა.

ბეჭდვა