„სახალხო კრების“ წარმომადგენლები სამების საკათედრო ტაძარში იკრიბებიან, სადაც რამდენიმე წუთში 2011 წლის 26 მაისს, აქციის დაშლის დროს გარდაცვლილთა
მოსახსენიებელი პანაშვიდი დაიწყება.
როგორც ,,სახალხო კრების“ წევრმა ნონა გაფრინდაშვილმა ,,ნიუსპრესს“ განუცხადა, 26 მაისი ტრაგიკული დღე იყო ,,სახალხო კრებისთვის“. იმ თვალსაზრისით, რომ დაიღუპა ხალხი, ბევრმა ტრავმა მიიღო და ბევრი ამ დრომდე ციხეშია.
გაფრინდაშვილის თქმით, ეს იყო შავი დღე საქართველოსთვის, თუმცა, ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.
,,ეს დღე ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება. თუმცაღა, ამ დღეს თავისი ნათელი წერტილიც აქვს, იმ თვალსაზრისით, რომ ამის შემდეგ დაიწყო რღვევა ,,დემოკრატიის შუქურის“ მითმა“-აღნიშნა გაფრინდაშვილმა.
მან კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისი გამოჩენით საქართველოში ახალი პოლიტიკური ცხოვრება დაიწყო.
მისივე თქმით, საქართველო ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე დგას და მნიშვნელოვანია, რომ არსებული რეჟიმი რაც შეიძლება მალე შეიცვალოს.
,,ჩვენ მივესალმებით მის გამოჩენას. მიგვაჩნია, რომ ის არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობა და ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯი, რომელსაც მომავალში გადავდგამთ, მხოლოდ რეჟიმის საწინააღმდეგო იქნება. მისასალმებელია ისიც, რომ ბატონი ბიძინა დღეს აქ მოვა“-აღნიშნა გაფრინდაშვილმა.
კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ლიდერს სამების საკათედრო ტაძარში ელოდებიან.
