საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დედაქალაქში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.
ღონისძიებების პროგრამის თანახმად, დღეს 11:00 საათიდან 19:00 საათამდე, რუსთაველის
გამზირზე, ქართული მრეწველობის გამოფენა – „დამზადებულია საქართველოში“ მოეწყობა.
თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინფრმაციით, სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში ყველა იმ საწარმოს და პროდუქციას წარმოადგენენ, რომელიც ქვეყნის მასშტაბით იწარმოება. მათ შორისაა, მძიმე და მსუბუქი მრეწველობის პროდუქტები, საშენი და მოსაპირკეთებელი მასალები, კვების პროდუქტები, ფარმაცევტული ნაწარმი, ტექსტილი და სხვა.
ამასთან, დღის განმავლობაში თემატური წარმოდგენები, პროგრამები ბავშვებისთვის, ქალაქური სიმღერისა და ხალხური შემოქმედების კონცერტები გაიმართება.
რუსთველის გამზირზე, სასმელების კუთხესთან ქალაქური მუსიკის კონცერტი იგეგმება. რუსთაველის თეატრის აივანზე, 12:00-13:00 საათზე ანსამბლი "შვიდკაცა"; 13:30-14:30 საათზე "თეატრალურის კვარტეტი"; 15:00-16:00 საათზე აჩიკო ნიჟარაძე, ნატო გელაშვილი, გოგონების ტრიო, დათო გომართელი, ივა ჭყონია, "თბილისური კვარტეტი" იმღერებენ.
I გიმნაზიის კიბეებთან, საბავშვო პროგრამას წარმოადგენენ. კერძოდ, 12:00-13:30 საათზე "ენკი-ბენკი"; 15:00-17:00 საათზე "ბასტი ბუბუ"; 17:30-18:30 საათზე ბზიკების სტუდია - ქენდი, მარიამ რომელაშვილი, ბზიკები; 12:00-19:00 საათზე ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია და დათო რობაქიძე პატარებს სპეციალურ პროგრამას შესთავაზებენ. აქვე მოეწყობა სახეზე მოხატვა, თამაშობები და თოჯინების წარმოდგენა.
ქართული ტანისამოსის სექტორთან - მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ, 12:00-13:00 საათზე დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის ჩვენება; 14:00-15:00 საათზე სამოდელო სალონი მარი გოლდის ჩვენება; 15:00-16:00 საათზე თბილისის სამხატვრო აკადემიის მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტთა სადიპლომო ნამუშევრების ჩვენება; 16:00 საათზე ჯგუფი "ბანის" კონცერტი და 12:00-19:00 საათზე ფოტოხელოვან ირინა აბჟანდაძის ფოტო გამოფენის ნამუშევრების გამოფენაა დაგეგმილი.
ვარდების რევოლუციის მოედანზე, თავდაცვის სექტორთან ღონისძიებები 12:00-13:00 საათზე თბილისის ბიგ ბენდის; 13:30-14:30 საათზე კამერული ორკესტრის; 15:00-16:00 საათზე მე-19 სახელოვნებო სკოლის ორკესტრის; 16:30-17:30 საათზე რეტრო ბენდის; 12:00-19:00 საათზე პანტომიმის; 12:00-19:00 საათზე მოძრაობის თეატრის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება.
12:00-19:00 საათზე, ვარდების რევოლუციის მოედანზე ასევე, ქართული ხალხური და ფოლკლორული მუსიკის და ქორეოგრაფიის კონცერტი გაიმართება, სადაც თბილისელების წინაშე ქორეოგრაფიული ანსამბლი "როკვა", ანსამბლი "ქალგულო", ქორეოგრაფიული ანსამბლი "შეჯიბრი", ვოკალური ანსამბლი "ურმული", ვოკალური ანსამბლი "ლაშარი", ქორეოგრაფიული ანსამბლი "ერისიონი 2" და სხვები წასრდგებიან.
ვარდების მოედანზე 12:00-19:00 საათზე 20 სხვადასხვა საგამომცემლო სახლი წიგნებს წარადგენს.
„მაგთის“ ოფისის ტერიტორიაზე კი - ქაღალდის კუთხესთან, 12:00-19:00 საათზე კარიკატურისტი კემო, მხატვრები გია აფციაური, დათო პოპიაშვილი, ავთო გურგენიძე, ანუკი მგალობლიშვილი გამართავენ ღონისძიებებს.
რუსთაველის თეატრის VIP დარბაზში, ქართული ფილმების ჩვენებაა დაგეგმილი.
მეტრო "თავისუფლების" მიმდებარე ტერიტორიაზე კი, 12:00-19:00 საათზე თბილისელების წინაშე ქართული ხალხური რეწვის ოსტატები წარსდგენიან.
ამავე პერიოდში, 9 აპრილის ბაღში, ტრადიციული “ყვავილების ფესტივალი” გაიმართება, რომელზეც დეკორატიულ მცენარეებს, ერთ და მრავალწლიან ყვავილებს, ბაღის ინვენტარს და ხელნაკეთ ნივთებს წარადგენენ.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, საღამოს 21:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედანზე, გალა-კონცერტით დაიხურება. კონცერტზე ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ ეროვნულ-ნაციონალურ პროგრამას წარადგენს.
კონცერტში თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით მონაწილეობს.
