საქართველოში26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.
თარიღის ისტორია სათავეს 1918 წლის 26 მაისიდან იღებს. ამ დღეს თბილისში საქართველოს
ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, რომლის თანახმად საქართველო სუვერენულ, დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკას სათავაში ნოე ჟორდანია ჩაუდგა.
საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკას დიდხანს არ უარსებია. 1921 წლის თებერვალში ქვეყანაში საბჭოთა წითელი არმია შემოიჭრა და ანექსია განახორციელა. ხელისუფლება იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო. ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი დამყარდა, რასაც საქართველოს საბჭოთა კავშირში იძულებით შეყვანა მოჰყვა.
ამის შემდეგ ქვეყანა 70 წელი ელოდა თავისუფლების ხელმეორედ მოპოვებას. დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით ბრძოლა XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო.
საქართველოს სუვერენიტეტის ცნობის მოთხოვნით 1989 წლის აპრილში თბილისში მშვიდობიანი მანიფესტაციები მოეწყო. მშვიდობიანი მიტინგი 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია, რასაც ათობით მოქალაქის დაღუპვა და დასახიჩრება მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ბრძოლა ქვეყნისთვის დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსის მოსაპოვებლად გაგრძელდა.
1991 წლის 31 მარტს საქართველოში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. ამავე წლის 9 აპრილს, დამოუკიდებელი საბჭოს პირველ სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი შევიდა ძალაში, ხოლო 26 მაისს პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ხელისუფლების სათავეში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მოვიდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სწორედ 1991 წლის 26 მაისიდან აღინიშნება.
წლების განმავლობაში დამოუკიდებლობის დღე თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ სამხედრო აღლუმით აღინიშნებოდა, თუმცა, წელს ტრადიცია დაირღვა. საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადატანასთან დაკავშირებით დღეს, სამხედრო აღლუმს პრეზიდენტი სწორედ ქუთაისში ჩაიბარებს. თბილისში, რუსთაველის გამზირზე კი - საქართველოში დამზადებული სამრეწველო პროდუქციის გამოფენა იმართება.
