არასამთავრობოები მერიას მოუწოდებენ არ დაუშვას 27 მაისს შეკრების თავისუფლების შეზღუდვა
არასამთავრობოები მერიას მოუწოდებენ არ დაუშვას 27 მაისს შეკრების თავისუფლების შეზღუდვა
19:05 25.05.2012
ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის მერიას მოუწოდებს არ დაუშვას 27 მაისს შეკრების თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა. ამის შესახებ არასამთავრობო  ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, საქმე კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 27 მაისს, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციას ეხება.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განმარტებით, მათ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ აცნობა, რომ თბილისის მერიამ კოალიციას თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი ფართომასშტაბიანი მიტინგისთვის საჭირო სცენის მოსაწყობად ადეკვატური დროის გამოყოფაზე უარი უთხრა.
მათივე ინფორმაციით, ვიდეომასალიდან, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლებისა და მერიის თანამშრომლის საუბარია ჩაწერილი, ირკვევა, რომ მერიის უარი ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების მოსალოდნელი საფრთხით არის განპირობებული. კერძოდ, მერიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ აქციის დაწყებამდე, თავისუფლების მოედანზე სცენის მოწყობამ და შესაბამისი აპარატურის დამონტაჟებამ შეიძლება ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვიოს.
არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ ფართომასშტაბიანი შეკრება-აქცია საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე სრულყოფილად ვერ განხორციელდება. სცენის დამონტაჟებისთვის ადეკვატური დროის გამოყოფაზე მერიის უარი კი, შეკრების უფლების განხორციელების შეზღუდვაა.
„მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო 27 მაისს დაგეგმილი აქციისთვის საჭირო ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებაზე უარის თქმის მიზეზს ვერ დაასაბუთებს, მაშინ, როცა 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისთვის დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად ქალაქის ცენტრალური ქუჩები 24 მაისიდან გადაკეტილია“ - აცხადებენ ისინი.
ისინი განმარტავენ, რომ მერიასა და აქციის ორგანიზატორებს შორის წარმოებული მოლაპარაკება ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს. არამედ, ის შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და პროცესში მონაწილე ყველა მხარისთვის სასურველი შედეგით უნდა დამთავრდეს.
განცხადებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და „დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ აწერენ ხელს.

ბეჭდვა