ხატიაშვილი - „ახალგაზრდა ადვოკატები“ სასამართლო პროცესს ისეთივე სრულფასოვანს გახდიან, როგორიც ევროპაშია
ხატიაშვილი - „ახალგაზრდა ადვოკატები“ სასამართლო პროცესს ისეთივე სრულფასოვანს გახდიან, როგორიც ევროპაშია
18:30 25.05.2012
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ახალი პროფესიული ორგანიზაცია - „ახალგაზრდა ადვოკატები“ დაფუძნდა.
როგორც ორგანიზაციის წევრებმა აღნიშნეს, „ახალგაზრდა ადვოკატები“ არასამთავრობო ახალგაზრდული უფლებათადამცველი ორგანიზაციაა და ის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ახალგაზრდა წევრებმა დააფუძნეს.
ახალგაზრდა ადვოკატების განაცხადებით, ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია დემოკრატიისა და სამართლიანობის ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლება, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მხარდაჭერა, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო სისტემის ფორმირების ხელშეწყობა, არჩევნების მონიტორინგი, ამომრჩეველთა ინფორმირებულობა, სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა და სხვა.
როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, ეს ძალიან კარგი წამოწყებაა, რადგან ახალგაზრდა ადვოკატები ასოციაციის განვითარებაში მიიღებენ მონაწილეობას. მისი თქმით, სწორედ ამ ახალგაზრდებმა უნდა ჩაუყარონ საფუძველი ადვოკატთა ძლიერი კორპუსის ჩამოყალიბებას.
„დღეს ასოციაციას ძალიან უჭირს, რადგან სააკაშვილის რეჟიმის პირობებში არსებობს. სასამართლო სისტემა ნადგურდება, ყალიბდება პოლიციური სახელმწიფო და იზღუდება ადვოკატთა უფლებები. ამ ფონზე, ჩვენი ახალგაზრდები მოდიან და იწყებენ ბრძოლას იმისთვის, რომ ადვოკატთა კორპუსი გააძლიერონ და ახალგაზრდები მიიზიდონ“ - განაცხადა ხატიაშვილმა.
მისივე თქმით, ეს ახალგაზრდები შეძლებენ სასამართლო პროცესი ისეთი სრულფასოვანი გახადონ, როგორიც ევროპის ქვეყნებშია.

ბეჭდვა