ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ ერთ-ერთ მფლობელსა და ყოფილ დირექტორს დავით ზილფიმიანს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებმა
არ მოუსმინეს. ამის შესახებ ზილფიმიანმა „ნიუსპრესთან“ საუბრისას განაცხადა.
ზილფიმიანის განცხადებით, იგი დღეს ტელეკომპანიის თანამშრომლებთან ერთად კომისიაში მივიდა, რომ მისი წევრებისთვის „პირველი სტერეოს“ წინააღმდეგ განხორციელებული კანონდარღვევების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა და მათგან რეაგირება მოეთხოვა. მისი თქმით, კომისიის სხდომაზე წევრებს პირადადაც შეხვდა.
„კარლო კვიტაიშვილმა, სოფიო ბრიტანჩუკმა, ირაკლი მოსეშვილმა და აკაკი სიხარულიძემ ჩემი მოსმენაც არ ისურვეს და განმიცხადეს, სანამ ჩემს მოთხოვნებს წერილობითი ფორმით არ შევიტანდი კომისიაში, მანამდე ვერაფერს გააკეთებდნენ. ეს კი, მხოლოდ ბიუროკრატიაა, თუმცა, განცხადება მაინც შევიტანე“ - განაცხადა ზილფიმიანმა.
მისი თქმით, კომისიასთან პრეტენზია იმის გამო აქვს, რომ „პირველი სტეროს მაუწყებლობის ანძიდან გათიშვა მფლობელების ნებართვის გარეშე უკანონოდ მოხდა, ხოლო ასეთი ქმედებების აღკვეთა კომისიის პირდაპირი მოვალეობაა.
დღესვე „პირველი სტერეოს“ თანამშრომლები საბურთალოს პოლიციის განყოფილებაშიც იმყოფებოდნენ. მათ პოლიციაში განცხადება შეიტანეს და „პირველი სტერეოს“ ოფისში მათ არშეშვების ფაქტზე რეაგირება მოითხოვეს.
ზილფიმიანი სამართლებრივი გზებით ბრძოლის განახლებას ორშაბათიდან აპირებს.
ტელეკომპანიის ყოფილ და ახალ დირექტორებს დავით ზილფიმიანსა და ვასილ კობაიძეს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ვასილ კობაიძემ გეოფიზიკის ინსტიტუტის შენობა, სადაც „პირველი სტერეოს“ ოფისი მდებარეობს, კერძო დაცვის კომპანია „მგლების“ მეშვეობით დაიკავა და „პირველი სტერეოსა“ და „სტერეო პლიუსის“ თანამშრომლებს იქ შესვლის უფლებას ამ დრომდე არ აძლევს. ზილფიმიანი მის წინააღმდეგ უკანონო ქმედებების განხორციელებაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს ადანაშაულებს.
