„დემოკრატიული მოძრაობა“ ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს
„დემოკრატიული მოძრაობა“ ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს
15:37 25.05.2012
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის ნებისმიერ გამოვლინებას გმობს და ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს.
როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, არსებული ხელისუფლების პოლიტიკა ქვეყანაში ისედაც მცირედშემორჩენილ თავისუფალ მედიასაშუალებებთან და იმ ჟურნალისტებთან მიმართებაში, რომლებიც მოსახლეობას ობიექტურ ინფორმაციას აწვდიან, მიზანმიმართული ტერორია.
„რეჟიმის მიერ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებმა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და არც ერთი მათგანი დღემდე გამოძიებული არ არის. მათ შორის, არ არის გამოძიებული 2011 წლის 26 მაისის სადამსჯელო სპეცოპერაციის დროს ჟურნალისტთა ცემისა და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები“ - ნათქვამია განცხადებაში.
პარტიის ინფორმაციით, განსაკუთრებული ზეწოლა რეგიონალური მედიის წარმომადგენლებზე ხორციელდება, რადგან დედაქალაქისგან განსხვავებით, რეგიონებში ინფორმაციის მიღება მხოლოდ სახელისუფლებო სატელევიზიო არხებითაა შესაძლებელი.

ბეჭდვა