იუსტიციის სამინისტროსთან ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია დასრულდა
იუსტიციის სამინისტროსთან ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია დასრულდა
14:01 25.05.2012
იუსტიციის სამინისტროსთან მედიის წარმომადგენლებმა სოლიდარობის აქციაზე ჩინოვნიკების მხრიდან ჟურნალისტებზე ფიზიკური ზეწოლის გახშირებული ფაქტები გააპროტესტეს.
როგორც აქციის დასასრულს ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, ჩინოვნიკებისგან ჟურნალისტებზე ფიზიკური წნეხის შემთხვევების გამოძიება არ ხდება, რაც მოძალადეთათვის ერთგვარი მწვანე შუქია.
„ჟურნალისტებზე ზეწოლის ძალიან ბევრი შემთხვევა მოხდა -ვაჩიბერაძე, მთივლიშვილი, სალაყაია და სხვები. ეს ყველაფერი არჩევნების მოახლოებას უკავშირდება. ჩინოვნიკთა დაცვის წევრებიც განსაკუთრებით გააქტიურდნენ და სხვადასხვა უწყების შენობებთან ჟურნალისტებს 50 მეტრზე ახლოს არ უშვებენ“ - განაცხადა ზურიაშვილმა.
მისი თქმით, აუცილებელია თავდასხმები შეწყდეს და ჟურნალისტებს საშუალება მიეცეთ პროფესიული საქმიანობა შეუფერხებლად აწარმოონ.
როგორც ზურიაშვილმა აღნიშნა, ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ზეწოლის ყველა შემთხვევა გასაჩივრებულია, თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არც ერთ შემთხვევას რეაგირება არ მოჰყოლია.
ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია იუსტიციის სამინისტროსთან დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. მასში ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და უფლებათა დამცველებმა მიიღეს მონაწილეობა.

ბეჭდვა