პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებისგან საჩუქრად პლაკატი მიიღო
პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებისგან საჩუქრად პლაკატი მიიღო
13:45 25.05.2012
ჟურნალისტებზე ზეწოლისა და თავდასხმის ზოგიერთი ფაქტი გაზვიადებულია - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა, იუსტიციის სამინისტროსთან ჟურნალისტების საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
დეპუტატი აქციის დროს იუსტიციის სამინისტროში იმყოფებოდა. შენობიდან გამოსვლისთანავე მედიის წარმომადგენლებმა მას შეკითხვები დაუსვეს.
როგორც კუბლაშვილმა განაცხადა, ჟურნალისტებზე ზეწოლის ყველა შემთხვევაზე რეაგირება უნდა მოხდეს და აღნიშნული ფაქტები აუცილებლად გამოძიებული იქნება.
„ალბათ, უფრო კომპეტენტური იმ საკითხებთან დაკავშირებით თუ რომელი საქმე გამოძიების რა სტადიაზეა, პროკურატურაა. ყველა შემთხვევა, ჟურნალისტების მიმართ ხელის შეშლის ან ძალადობის, განსახილველია და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. დეტალებთან დაკავშირებით კი, პროკურატურას მიმართეთ“ - განუცხადა ჟურნალისტებს კუბლაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია ჟურნალისტებზე ზეწოლის შემთხვევებზე, თუმცა, ზოგიერთ საკითხს ჟურნალისტები გაზვიადებულ შეფასებას აძლევენ.
პავლე კუბლაშვილმა აქციაზე მყოფ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს მიმართა და უთხრა, რომ მისი საქმე განსაკუთრებით სპეციფიკურია.
როგორც მთივლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, კუბლაშვილმა მის საქმეს სპეციფიკური იმიტომ უწოდა, რომ, თითქოს, მთივლიშვილი პოლიციის შენობაში ძალის გამოყენებით შეიჭრა. ჟურნალისტის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
აქციის მონაწილეებმა პავლე კუბლაშვილს პლაკატი აჩუქეს წარწერით -„გამოიძიეთ ჟურნალისტებზე ზეწოლის შემთხვევები“.

ბეჭდვა